Статья 16. ცესკოს აპარატი
1. არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარების ორგანიზაციულ, სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ცესკოს აპარატი.
2. აპარატის სტრუქტურა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცესკოს რეგლამენტით.
3. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს (გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა) ეზღუდება პარტიული საქმიანობა.
4. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება, რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.
5. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, დადგენილებით განსაზღვრავს ცესკო. საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4392 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №168 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ.
