Статья 18. ცესკოს თავმჯდომარის, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის უფლებამოსილებები
1. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირია.
2. ცესკოს თავმჯდომარე: ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს ცესკოში; ბ) უძღვება ცესკოს სხდომას; გ) განკარგავს ცესკოს ფინანსურ სახსრებს; დ) „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე განკარგულებით განსაზღვრავს პარტიების დაფინანსების ოდენობას; ე) განკარგულებით განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობას; ვ) ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებს (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის), ცესკოში მათ წარმომადგენლებს; ზ) რეგისტრაციაში ატარებს პარტიულ სიებს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს; თ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის) წარმომადგენლებს; ი) სათანადო მოწმობებს აძლევს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს; კ) სათანადო მოწმობებს აძლევს არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, საქართველოს პარლამენტის წევრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კი – მათ ადგილმონაცვლეებს; ლ) საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას, ხოლო სათანადო მუდმივმოქმედი კომიტეტის შექმნის შემდეგ − ამ კომიტეტს გადასცემს საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა უფლებამოსილების შესამოწმებლად საჭირო დოკუმენტაციას; მ) ცესკოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული საკითხების გარდა, ადმინისტრაციული და საფინანსო ფუნქციების შესრულებას ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრული ვადით ავალებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს; ნ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანს, კომისიის სხვა წევრებს, კომისიის აპარატის თანამშრომლებს (მოსამსახურეებს); ო) სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოსცემს განკარგულებას განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ; პ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
