Статья 203^1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება და აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის წესი
1. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს არ მოეთხოვება ამ კანონით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.
2. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.
