Статья 59. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვა
1. კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვას ხელმძღვანელობს და მისთვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ყველა პირისა და ამომრჩევლისათვის.
3. დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.
4. კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან დამრღვევის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. აქტში აღინიშნება დამრღვევის სახელი და გვარი, საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, დარღვევის არსი და მისი ჩადენის ზუსტი დრო.
5. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საუბნო საარჩევნო კომისია.
6. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ან ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.
