Статья 74. ხმის დათვლასა და კენჭისყრის შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული განცხადების/საჩივრის განხილვა
1. ამ კანონის 73-ე მუხლში აღნიშნულ განცხადებას/საჩივარს საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი მისი მიღებისთანავე რეგისტრაციაში გაატარებს საოლქო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში. საოლქო საარჩევნო კომისია განცხადებას/საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის მიერ განცხადების/საჩივრის რეგისტრაციიდან 4 დღის ვადაში. საოლქო საარჩევნო კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს განკარგულებით, რომელიც შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში.
2. თუ დარღვეულია ამ კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენის წესი, საარჩევნო კომისიაში განცხადების/საჩივრის მიმღები შესაბამისი თანამდებობის პირი ვალდებულია განცხადების/საჩივრის წარმდგენს დაუდგინოს ხარვეზი და განუსაზღვროს გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად, რომლის შესახებაც კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში კომისიის მდივანი აკეთებს სათანადო ჩანაწერს, რომელსაც ხელს აწერენ განცხადების/საჩივრის წარმდგენი და კომისიის შესაბამისი თანამდებობის პირი. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისია ხელმძღვანელობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.
