1.მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის დამამზადებლებს, აგრეთვე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სხვა მფლობელებს (შემდგომ − უფლების მფლობელი) საკუთარი ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად შეუძლიათ შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია.
2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც ავტორების, საავტორო უფლებების სხვა მფლობელებისა და მომიჯნავე უფლებების სუბიექტების ქონებრივი უფლებების კოლექტიურად სამართავად „საქპატენტი“ ანიჭებს აკრედიტაციას ამ კანონით დადგენილი წესით.
3.ერთი უფლების ან უფლებათა კატეგორიის მიმართ ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთმა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს.
4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია თავის საქმიანობას ახორციელებს ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკუთარი წესდების საფუძველზე და უფლების მფლობელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
5.უფლების მფლობელი, რომელიც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს საკუთარ ქონებრივ უფლებებს კოლექტიურად სამართავად, ამავე ორგანიზაციას გადასცემს უფლებებს ყველა იმ ნაწარმოებზე, რომლებიც მან უკვე შექმნა ან/და რომლებსაც იგი შექმნის აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.დაუშვებელია, იურიდიული პირის, გარდა ამ კანონის შესაბამისად აკრედიტებული ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისა, საფირმო სახელწოდებაში გამოყენებულ იქნეს სიტყვები: „ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ სიტყვების გამოყენებით.
7.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი მტკიცდება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.




