საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. ორგანიზაციამ ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სამართავად მისთვის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით „საქპატენტს“ უნდა წარუდგინოს აკრედიტაციის განაცხადი, რომლითაც დასტურდება, რომ: ა) ორგანიზაცია წარმოადგენს უფლების მფლობელებს და იმავდროულად ნებისმიერ უფლების მფლობელს შეუძლია შეუერთდეს მას ორგანიზაციის წესდების შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს უფლების მფლობელებთან დადებული წერილობითი ხელშეკრულებები უფლების მფლობელების სიასთან ერთად, რომელიც უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით; ბ) ორგანიზაციას შეუძლია კოლექტიურად მართოს ქონებრივი უფლებები, მათ შორის, ჰყავს შესაბამისი პერსონალი, აქვს ჰონორარის შეგროვებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ჰონორარის შეგროვების, განაწილებისა და გადახდის ეფექტიანი მექანიზმები (შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით); გ) ორგანიზაციის წესდება, შიდა რეგულაციები და ტარიფების განაწილების წესები და პრინციპები იძლევა როგორც უფლების მფლობელების, ისე მოსარგებლეების მიმართ თანაბარი და არადისკრიმინაციული მოპყრობის გარანტიას; დ) ორგანიზაციას გადახდილი აქვს აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური; ე) ორგანიზაცია რეგისტრირებული არ არის მოვალეთა რეესტრში და მას არ ადევს ყადაღა; ვ) ორგანიზაციის წესდება და სხვა რეგულაციები შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილ აკრედიტაციის განაცხადს უნდა ერთოდეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს საქართველოში გამოყენებული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს, აგრეთვე ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია უცხო ქვეყნების იმ ანალოგიური ორგანიზაციების უმეტეს ნაწილთან, რომელთა რეპერტუარი არსებითად ფარავს უცხო ქვეყნებში გამოყენებული ქართული ნაწარმოებების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტების მნიშვნელოვან ნაწილს. ეს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები უნდა მოიცავდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტების რეპერტუარს ელექტრონული ან მატერიალური ფორმით.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის წარდგენისას ვერ ხდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარდგენა, განმცხადებლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ამ კანონის 65-ე მუხლის საფუძველზე „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის აკრედიტაციის კომისია (შემდგომ − აკრედიტაციის კომისია) უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აკრედიტაციის კომისია ანიჭებს აკრედიტაციას და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებების სრულყოფილად წარსადგენად ეძლევა 1-წლიანი ვადა, რომელიც აკრედიტაციის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს იმავე ვადით. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აკრედიტაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ცხადდება ძალადაკარგულად და „საქპატენტი“ იღებს გადაწყვეტილებას ახალი კონკურსის გამოცხადების თაობაზე.
5. ერთზე მეტი ორგანიზაციის მიერ ერთი და იმავე უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ განაცხადის „საქპატენტში“ წარდგენის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება იმ განმცხადებლის სასარგებლოდ, რომელიც ყველაზე მეტად აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს. კონკურსში ისეთი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, რომელიც წარსულში საქმიანობდა შესაბამის სფეროში, აკრედიტაციის კომისია გაითვალისწინებს მის წარსულ საქმიანობას და გამოცდილებას.
6. აკრედიტაციის კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი, აკრედიტაციის კონკურსის ჩატარების წესი, აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური, აგრეთვე ამ კანონის მე-18 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. განმცხადებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აკრედიტაციის განაცხადში უნდა მიუთითოს იმ უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ჩამონათვალი, რომლის/ რომელთა კოლექტიური მართვაც მას სურს. თუ აკრედიტაციის კომისია დოკუმენტების განხილვის შემდეგ დაასკვნის, რომ განმცხადებელი აკმაყოფილებს აკრედიტაციის პირობებს აკრედიტაციის განაცხადში მითითებული უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების ნაწილის მიმართ, აკრედიტაციის კომისიას განმცხადებლის თანხმობით შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორგანიზაციისთვის შესაბამისი უფლების, უფლებათა კატეგორიის ან უფლების კატეგორიათა ჯგუფების მიმართ აკრედიტაციის მინიჭების შესახებ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ