საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Статья 66^2. ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები
1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია რეგულარულად, გულმოდგინედ და მაქსიმალური სიზუსტით ანაწილებს თავისი საქმიანობიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს იმ უფლების მფლობელებზე, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს.
2. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს განცალკევებული ანგარიშები: ა) უფლების მართვასთან დაკავშირებული ჰონორარისთვის; ბ) საკუთარი ქონების მართვიდან ან კანონით ნებადართული სხვა საქმიანობიდან წარმოშობილი შემოსავლისთვის; გ) ჰონორარისთვის, რომელიც ვერ განაწილდა უფლების მფლობელებზე მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან/და მიკვლევის შეუძლებლობის გამო.
3. ჰონორარის განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები განსაზღვრული უნდა იყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰონორარის პროპორციული, არადისკრიმინაციული, სათანადო და სამართლიანი განაწილება, აგრეთვე არ რჩებოდეს აღნიშნული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელების შესაძლებლობა.
