1.საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და მართვა ხორციელდება ზონებსა და აგლომერაციებში. ზონები და აგლომერაციები მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
2.ზონები დგინდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.
3.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციას ახდენს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილი შეფასების ზედა ზღვრისა და შეფასების ქვედა ზღვრის მიხედვით, არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ. სააგენტოს მიერ დადგენილი კლასიფიკაციის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებისას, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ატმოსფერულ ჰაერში ძირითადი მავნე ნივთიერებების კონცენტრაციაზე, უნდა მოხდეს ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში − კლასიფიკაციის შეცვლა. საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5948 – ვებგვერდი, 28.05.2020წ. თავი II. ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებები და ვალდებულებები ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში



