საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 378. პენიტენციური დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია
1. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, რასაც თან ახლავს მისი ან/და მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის ან ქონების დაზიანების მუქარა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ან ამ დაწესებულების საქმიანობისათვის ხელის სხვაგვარად შეშლა ან/და ამ საქმიანობის დეზორგანიზაცია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულება ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით, აგრეთვე მსჯავრდებულის იძულება მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან მოთავსების სხვა ადგილას, აგრეთვე გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვაგვარი ძალადობა ან/და აღნიშნულ დაწესებულებაზე თავდასხმა ან/და ამავე მიზნით დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა ან ასეთ დაჯგუფებაში აქტიური მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.
