პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Статья 54. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია
1. შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო დამრღვევის მიერ ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მშენებარე ობიექტის მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების მიზნით მიმართოს სასამართლოს.
2. შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველზე მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა უქმდება ჯარიმის თანხის სრულად დაფარვისთანავე.
3. დამრღვევის ყადაღადადებული მიწის ნაკვეთის რეალიზაციას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო აუქციონის ჩატარების გზით.
4. აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს განსაზღვრავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანო, რისთვისაც იგი აუქციონის ჩატარებამდე 30 დღით ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ავრცელებს განცხადებას, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის რეკვიზიტები (სახელი და გვარი/დასახელება, მისამართი); გ) გასაყიდი მიწის ნაკვეთის დასახელება (ქონების მოკლე აღწერა); დ) მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომელიც ყადაღის დადების აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის საბაზრო ფასია; ე) რომ მესამე პირები, რომელთაც აქვთ უფლებები ამ მიწის ნაკვეთზე, ვალდებული არიან, ამ უფლებათა დამადასტურებელი საბუთები წარადგინონ აუქციონის დაწყებამდე; ვ) აუქციონის პირობები.
