საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 10. ანგარიშსწორება საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედების შემდეგ
1. სისტემის ოპერატორი ან/და ანგარიშსწორების აგენტი, მიუხედავად სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებისა, უფლებამოსილია: ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილეთა ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრები ან/და ფინანსური ინსტრუმენტები, სისტემის მიერ მიღებული ტრანსფერორდერების მიხედვით ანგარიშსწორების განხორციელების ან ურთიერთგაქვითვის შედეგად მიღებული ნეტვალდებულების დაფარვის მიზნით; ბ) თუ ეს გათვალისწინებულია მონაწილესთან დადებული შეთანხმებით, ამ კანონის მე-9 მუხლის მიზნებისათვის სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორების განსახორციელებლად გამოიყენოს მონაწილისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზი და სისტემის ოპერატორის ან/და ანგარიშსწორების აგენტის მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით მოახდინოს საკრედიტო ხაზის უზრუნველსაყოფად დაგირავებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაცია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისტემის მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიშზე არსებული თანხის ან მისთვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზით გათვალისწინებული თანხის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ სისტემის მიერ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე მიღებული ტრანსფერორდერების ან მათ საფუძველზე გამოთვლილი ნეტვალდებულების მოცულობით. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
