საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ
Статья 22^2. გადახდის ინიციირების მომსახურების ფარგლებში საგადახდო ანგარიშზე წვდომა
1. გადამხდელს უფლება აქვს, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერისგან მიიღოს გადახდის ინიციირების მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა.
2. თუ გადამხდელის მიერ გაცემულია გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე ცალსახა თანხმობა ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიღების უზრუნველსაყოფად ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეასრულოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის დებულებები.
3. გადახდის ინიციირების მომსახურების გაწევისას: ა) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, ნებისმიერ დროს ფლობდეს გადახდის ინიციირების მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებლის თანხას; ბ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა; გ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შესახებ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა სხვა ნებისმიერი მიღებული ინფორმაციის მხოლოდ მიმღებისთვის მიწოდება მომხმარებლის ცალსახა თანხმობის საფუძველზე; დ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია გადახდის ინიციირების ყოველ ჯერზე გადამხდელის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, გადამხდელსა და მიმღებთან უსაფრთხო კომუნიკაცია განახორციელოს ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ე) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეინახოს მომხმარებლის სენსიტიური საგადახდო მონაცემები; ვ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მომხმარებელს მოსთხოვოს დამატებითი მონაცემები, გარდა გადახდის ინიციირების მომსახურების განსახორციელებლად აუცილებელი მონაცემებისა; ზ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ გადამხდელის მიერ ცალსახად მოთხოვნილი გადახდის ინიციირების მომსახურების შესრულების მიზნით; თ) გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, შეცვალოს ოპერაციის თანხის ოდენობა, მიმღები ან სხვა მონაცემები.
