1.მომხმარებელს უფლება აქვს, ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერისგან მიიღოს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება, თუ შესაძლებელია ამ გადამხდელის საგადახდო ანგარიშზე ონლაინრეჟიმში წვდომა.
2.ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების გაწევისას: ა) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია მომხმარებელს მომსახურება მიაწოდოს მხოლოდ მისი ცალსახა თანხმობის შემთხვევაში; ბ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლები არ იყოს ხელმისაწვდომი სხვა ნებისმიერი პირისთვის, გარდა თავად მომხმარებლისა და ამ მახასიათებლების გამომშვები პირისა. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი აგრეთვე ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების უსაფრთხო და ეფექტიანი არხებით გადაცემა; გ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია კომუნიკაციის თითოეული სესიისას მომხმარებლის ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება, აგრეთვე ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან/პროვაიდერებთან და მომხმარებელთან განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს, წვდომა ჰქონდეს მხოლოდ მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ საგადახდო ანგარიშებსა და ამ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაზე; ე) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს არ აქვს უფლება, მოითხოვოს საგადახდო ანგარიშებთან დაკავშირებული სენსიტიური საგადახდო მონაცემები; ვ) ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს უფლება აქვს, გამოიყენოს, წვდომა ჰქონდეს ან შეინახოს ნებისმიერი მონაცემი მხოლოდ მომხმარებლის მიერ ცალსახად მოთხოვნილი ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების შესრულების მიზნით. ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი ვალდებულია პერსონალური მონაცემები დაამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3.საგადახდო ანგარიშებთან მიმართებით ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია: ა) განახორციელოს უსაფრთხო კომუნიკაცია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერთან ამ კანონის 22 1 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) არ დაუშვას ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერის საშუალებით მიღებულ მოთხოვნებთან მიმართებით დისკრიმინაციული მიდგომა, გარდა ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევისა.
4.ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერს მისცეს მომხმარებლისთვის ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურების მიწოდების საშუალება, მიუხედავად ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერსა და ანგარიშის მომსახურე საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შორის ამ მიზნით სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობისა ან მისი შინაარსისა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.






