1.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, მიმღებს დაუწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს კონკრეტულ საგადახდო ინსტრუმენტზე უკრძალავს გადამხდელისთვის საკომისიოს დაწესების ან/და მისთვის ფასდაკლების/ფასდათმობის შეთავაზების უფლებას. დაწესებული საკომისიო არ უნდა აღემატებოდეს კონკრეტული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით მიმღებისთვის წარმოშობილ პირდაპირ ხარჯს. მიმღების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს მიმღების მიერ ამ პუნქტით განსაზღვრული დებულებების დაცვა. კონკურენციისა და ეფექტიანი საგადახდო ინსტრუმენტების წასახალისებლად საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აკრძალოს ან შეზღუდოს მიმღების უფლება, მოითხოვოს საკომისიო.
2.საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს არ აქვთ უფლება, უარი განაცხადონ საგადახდო ინსტრუმენტის მიღებაზე ემიტენტის ან/და მომხმარებლის მიხედვით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით ან/და საგადახდო ინსტრუმენტის სპეციფიკიდან, ფინანსური სტაბილურობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ან უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
3.მიმღები, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გადამხდელს უდგენს საკომისიოს, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს შეატყობინოს ნათელი და გასაგები ფორმით. მიმღებმა აღნიშნული ინფორმაცია თვალსაჩინოდ უნდა განათავსოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესასვლელში და სალაროსთან. დისტანციური გაყიდვების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მიმღების ვებგვერდზე ან სხვა შესაბამის ელექტრონულ ან მობილურ მატარებელზე და გადამხდელსა და მიმღებს შორის გარიგების დადებამდე გონივრულ ვადაში უნდა მიეწოდოს მომხმარებელს.
4.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, მომხმარებელს მიუთითოს მიმღებისთვის სასურველი ინსტრუმენტის გამოყენებაზე. საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აგრეთვე არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს არ აძლევს საშუალებას, კონკრეტული საგადახდო სქემის ინსტრუმენტი განსაზღვროს თავისთვის სხვა საგადახდო ინსტრუმენტებზე მეტად ან ნაკლებად პრიორიტეტულად.
5.საგადახდო მომსახურების პროვაიდერს არ აქვს უფლება, დააწესოს ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიმღებს უკრძალავს, გადამხდელს მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთგაცვლის საკომისიოს და სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული საკომისიოს შესახებ.
6.ექვაირინგის განმახორციელებელ საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს ისეთ პირობას, რომელიც არაობიექტურ, არაპროპორციულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობას შექმნის ცალკეული გადამხდელის საგადახდო მომსახურების პროვაიდერისთვის.
7.დაუშვებელია ისეთი პირობების არსებობა, რომლებიც საგადახდო მომსახურების პროვაიდერს შეუზღუდავს საგადახდო ინსტრუმენტზე ქო-ბეჯინგის უზრუნველყოფას ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის საშუალებით.
8.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მის მიერ გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტი იყოს ელექტრონულად იდენტიფიცირებადი და ვიზუალურად იმგვარად გარჩევადი, რომ გადამხდელსა და მიმღებს ცალსახად შეეძლოთ გადამხდელის მიერ შერჩეული საგადახდო ინსტრუმენტის ბრენდისა და კატეგორიის გარჩევა.
9.მომხმარებელს უფლება აქვს, საგადახდო მომსახურების პროვაიდერს მოსთხოვოს საბარათე ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა საგადახდო ბრენდის არსებობა, თუ ამ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს აქვს ასეთი მომსახურება. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე გონივრული ვადით ადრე მომხმარებელს მიაწოდოს ნათელი და ობიექტური ინფორმაცია მასთან ხელმისაწვდომი ყველა საგადახდო ბრენდის და მათი მახასიათებლების, მათ შორის, მათი ფუნქციონირების, უსაფრთხოებისა და მომხმარებლის ხარჯების, შესახებ.
10.საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებული არ არის ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს ან განხორციელებულ ოპერაციაზე საკომისიო გადაუხადოს იმ საგადახდო სქემას, რომლის ბრენდი არ იქნა გამოყენებული ოპერაციის შესრულებისას.
11.საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან ორზე მეტი საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის არსებობიდან გამომდინარე, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციების სპეციფიკურ არხში ან/და პროცესში გადამისამართების ნებისმიერი პრინციპი ან ეკვივალენტური ზომა, აგრეთვე სხვა ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები და მოთხოვნები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და გამოყენებული უნდა იყოს არადისკრიმინაციული ფორმით.
12.ქო-ბეჯინგით უზრუნველყოფილი საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებისას საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს, აგრეთვე გადახდის ოპერაციის შესრულებაში ჩართულ ნებისმიერ მხარეს არ აქვთ უფლება, საგადახდო ინსტრუმენტზე ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მოწყობილობებზე გამოიყენონ ისეთი ავტომატური მექანიზმები, პროგრამული უზრუნველყოფა ან მოწყობილობები, რომლებიც ზღუდავს გადამხდელის ან მიმღების მიერ საგადახდო ბრენდის ან აპლიკაციის არჩევის შესაძლებლობას.
13.მიმღებები უფლებამოსილი არიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში არსებულ მოწყობილობებში ჰქონდეთ ისეთი ავტომატური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს კონკრეტული საგადახდო ბრენდის ან საგადახდო აპლიკაციის პრიორიტეტულად არჩევის საშუალებას. აღნიშნულ შემთხვევაში გადამხდელს არ უნდა შეეზღუდოს მიმღების მიერ ავტომატურად შერჩეულ პრიორიტეტზე უარის თქმის უფლება იმ სხვა საგადახდო ინსტრუმენტის სასარგებლოდ, რომელსაც მიმღები აგრეთვე იღებს გადახდისთვის. 13 1 . კონკურენციის ხელშეწყობის, საოპერაციო ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის (მათ შორის, სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) უფლების − აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის სისტემა/მეთოდი − დაცვის მიზნით საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ გადახდის ოპერაციის დამუშავების მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი გახადოს და მიაწოდოს მას ჭკვიანი მარშრუტიზაციის მხარდამჭერი მექანიზმები იმგვარად, რომ არ დაუშვას დისკრიმინაციული მიდგომა, მათ შორის, გადახდის ოპერაციის შესრულების დროის, პრიორიტეტულობის ან საკომისიოების თვალსაზრისით, მის მიერ გადახდის ოპერაციის დამუშავებასა და ჭკვიანი მარშრუტიზაციის განმახორციელებელი საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან მიღებული გადახდის ოპერაციის დამუშავებას შორის. 13 2 . საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჭკვიანი მარშრუტიზაციის განხორციელების პროცესი იყოს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული, ამასთანავე, ამ კრიტერიუმების დარღვევით არ ანიჭებდეს უპირატესობას რომელიმე გადახდის ქსელს, სისტემას ან მომსახურებას. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია შეიმუშაოს ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტი და ის შესათანხმებლად წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჭკვიანი მარშრუტიზაციის სტანდარტის განხილვის, აგრეთვე ჭკვიანი მარშრუტიზაციის დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით თავის მიერ დადგენილი წესით განსაზღვროს ტექნიკური, პროცედურული და სხვა მოთხოვნები.
14.დაუშვებელია საგადახდო სქემის, აგრეთვე გადახდის ოპერაციაში მონაწილე ნებისმიერი მხარის, მათ შორის, ტექნიკური მომსახურების უზრუნველმყოფი მხარის, მიერ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც ხელს უშლის ამ მუხლით განსაზღვრული დებულებების შესრულებას. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1142 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 20 2 . რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე წვდომა 1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს უფლება აქვს, გახსნას საგადახდო ანგარიში კომერციულ ბანკში, მიკრობანკში და ჰქონდეს ამ საგადახდო ანგარიშით მომსახურებაზე წვდომა ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და პროპორციულ საფუძველზე. წვდომა უნდა უზრუნველყოფდეს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ საგადახდო მომსახურებების შეუფერხებლად და ეფექტიანად განხორციელების საშუალებას.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ წვდომაზე უარის თქმის შემთხვევაში კომერციული ბანკი, მიკრობანკი ვალდებულია უარის თქმიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაწოდოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და საფუძვლიანი დასაბუთება. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2610 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.