„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
Статья 5^5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებები
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“.
3. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური წოდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით: ა) განსაზღვრული კურსის გავლის შემთხვევაში პირს შეიძლება მიენიჭოს უმცროსი სპეციალური წოდება – უმცროსი სერჟანტი ან საშუალო სპეციალური წოდება – ლეიტენანტი; ბ) განისაზღვრება ის თანამდებობები, რომლებზე დანიშვნის შემთხვევაშიც სპეციალური წოდების ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირს ავტომატურად ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი.
5. მორიგი წოდების მინიჭებისათვის შესაძლებელია შემოღებულ იქნეს საკვალიფიკაციო მოთხოვნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4118-სსმI,№75, 27.12.2010წ.,მუხ.474
