Статья 22. ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა
1. ინვესტორს უფლება აქვს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში ინვესტორი რჩება პასუხისმგებელი აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ინვესტორი წერილობით ატყობინებს სააგენტოს ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების აფილირებული კომპანიისათვის გადაცემის შესახებ.
2. სააგენტოსაგან წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში ინვესტორს უფლება აქვს ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით გათვალისწინებული თავისი უფლება-მოვალეობანი პირს (მესამე მხარეს), რომელიც არ არის აფილირებული კომპანია, თუ ეს პირი ფლობს სათანადო ფინანსურ და ტექნიკურ რესურსებს და აქვს გადაცემული უფლება-მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების გამოცდილება. ინვესტორი სააგენტოს წერილობით ატყობინებს უფლება-მოვალეობების გადაცემის შესახებ და წარუდგენს მას სხვა საჭირო დოკუმენტებს. შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში სააგენტო წერილობით ატყობინებს ინვესტორს, ეთანხმება თუ უარყოფს შეთავაზებულ წინადადებას, ხოლო უარის შემთხვევაში – მიზეზსაც. სააგენტოს პასუხი არ უნდა იყოს უმიზეზოდ გადავადებული. უფლება-მოვალეობების მესამე მხარისათვის ნაწილობრივ ან მთლიანად გადაცემის შემთხვევაში ინვესტორი არ არის პასუხისმგებელი გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის და არ იღებს სარგებელს.
