ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ
Статья 1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
1. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა არის ამ კანონით დადგენილი სახელმწიფო ორგანოების სპეციალური სამსახურების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ღია თუ ფარული მეთოდით ჩატარებული ღონისძიებების სისტემა, რომლის მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, იურიდიული პირის უფლებების, საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
2. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) პირის გამოკითხვა – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის პირადი გასაუბრება ფიზიკურ პირთან, რომელმაც რაიმე იცის გამოსაკვლევი შემთხვევის ან მასთან დაკავშირებულ პირთა შესახებ (გამოკითხვა ნებაყოფლობითია და გამოსაკითხ პირს არ აფრთხილებენ ცრუ ჩვენების მიცემისათვის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. ოპერატიული მუშაკი ან გამომძიებელი გამოკითხვის შესახებ დადგენილი წესით ადგენს პატაკს, რომელიც გასაცნობად არ წარედგინება გამოკითხულ პირს); ბ) ცნობების შეგროვება – ოპერატიული მუშაკის ან გამომძიებლის მიერ კრიმინალისტიკური, ოპერატიულ-სამძებრო ან ინფორმაციის შენახვის სხვა წყაროდან იმ ფაქტობრივი მონაცემების ოფიციალურად მოპოვება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესასრულებლად; გ) ვიზუალური კონტროლი – ოპერატიული თვალთვალი, რომელიც კონსპირაციულად ტარდება ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ უშუალოდ ან ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით; დ) საკონტროლო შესყიდვა – ოპერატიული მუშაკის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საგნის ან ნივთიერების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა (მისი გასაღების ან მოხმარების მიზნის გარეშე), მომსახურების შეძენა ანდა შეძენის სიტუაციის შექმნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან 143 2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გამოსავლენად ადამიანის ყიდვა ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება ანდა განხორციელების სიტუაციის შექმნა; ე) კონტროლირებადი მიწოდება – დანაშაულის სათანადოდ გამოძიებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენის მიზნით საქართველოს ფარგლებში (ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს ფარგლების გარეთაც), საქართველოს ფარგლების გარედან საქართველოში ან საქართველოს გავლით შესაძლო ნივთიერი მტკიცებულების კონტროლირებადი გადაადგილება; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება) – შესამოწმებელი პირის ან ბრალდებულის დადგენა დაქტილოსკოპიური კარტოთეკის, შემთხვევის ადგილზე დატოვებული კვალის, სუნის ან გამონაყოფის მიხედვით; ზ) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა – საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა ვიზუალურად ან ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით, რაც არ ითვლება ექსპერტის დასკვნად; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 62 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები; ი) საიდუმლო თანამშრომელი (კონფიდენტი) – 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც ნებაყოფლობით, კონტრაქტის საფუძველზე თანამშრომლობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოსთან ან გამომძიებელთან და ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; კ) კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა – ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს ან გამომძიებლის მიერ დანაშაულებრივ ფორმირებაში შესაღწევად ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციის შექმნა; ლ) ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ 60 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2267-სსმI, №55, 27.12.2005წ., მუხ.370 საქართველოს 2010 წლის 24 ოქტომბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2635 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3537 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №478 - ვებგვერდი, 27.03.2017წ. საქართველოს 2019 წლის 19 დეკემბრის კანონი №5620 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
