1.დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის ურთიერთობა წესრიგდება ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობის და დაცვითი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომ – დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება) საფუძველზე.
2.დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულება იდება დამკვეთსა და დაცვით ორგანიზაციას შორის.
3.დაცვითი საქმიანობის ხელშეკრულების სახეებია: ა) ობიექტის დაცვის ხელშეკრულება; ბ) დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულება.
4.ობიექტის დაცვის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა; ბ) დაცვის კონკრეტული ობიექტის დასახელება/სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი), მისამართი და სხვა დამატებითი მონაცემები; გ) დაცვითი საქმიანობის არსი და პირობები; დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს ობიექტის დაცვას; ე) მცველების რაოდენობა; ვ) ხელშეკრულების ფასი; ზ) ხარჯების ანაზღაურების წესი; თ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ი) დამკვეთისთვის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირისათვის შესრულებული სამუშაოს შესახებ წერილობითი ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა; კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ლ) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
5.დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტების, მონტაჟისა და ექსპლოატაციის ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) დაცვითი საქმიანობის სახეობა; ბ) ცალკეული ობიექტის დასახელება და მისამართი, სადაც განხორციელდება დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტება, მონტაჟი და ექსპლოატაცია; გ) ხელშეკრულების არსი და პირობები; დ) მესამე პირის თანხმობა, თუ დამკვეთი მესამე პირის სასარგებლოდ უკვეთავს დაცვითი ტექნიკური საშუალებების დაპროექტებას, მონტაჟსა და ექსპლოატაციას; ე) ხელშეკრულების ფასი; ვ) ხარჯების ანაზღაურების წესი; ზ) მხარეთა უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; თ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ი) მხარეთა სრული რეკვიზიტები.
6.ამ მუხლით განსაზღვრულ ხელშეკრულებაში შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე სხვა საკითხები, რომლებიც არ უნდა გაცდეს დაცვითი საქმიანობის ფარგლებს.






