Статья 59. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა
1. პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ჩადენისთვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული, დაპატიმრებული ან მსჯავრდებული პოლიციელი ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურე თავსდება ან სასჯელს იხდის სხვა სპეცკონტინგენტისგან იზოლირებულად.
3. პოლიციელს ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს.
4. პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა; ბ) სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება; გ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; დ) უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელის კანონიერი მითითების შეუსრულებლობა; ე) ქონებრივი ზიანის მიყენება; ვ) ქონებრივი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ზ) ეთიკური ნორმების წინააღმდეგ ან სამინისტროს მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული, უღირსი საქციელის სამსახურში ან სამსახურის გარეთ ჩადენა; თ) შესაბამის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; ი) სამინისტროს მოსამსახურისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს ან/და რეპუტაციას; კ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილზე შესვლა ან თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს; ლ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენა, რის გამოც პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა შემაკავებელი/დამცავი ორდერი; მ) ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, მცენარე კანაფის ან/და მარიხუანის), მისი ანალოგის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მცირე ოდენობით შეძენა-შენახვა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება; ნ) სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა ან/და აღნიშნული გადაცდომის არსებობის დასადგენად სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შესაბამისი შემოწმების ჩატარების მოთხოვნისას ამ შემოწმებისთვის თავის არიდება; ო) დისციპლინური სამართალწარმოების განმახორციელებელი ორგანოსთვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდება; პ) სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გათვალისწინებული შესაძლო გადაცდომის გამოვლენის შესახებ შეუტყობინებლობა; ჟ) ამ კანონის 59 1 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გენერალური ინსპექციისთვის მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა; რ) „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმის დარღვევა; ს) პოლიციელის ფიცის გატეხვა; ტ) შრომის დისციპლინის დარღვევა; უ) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა; ფ) პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სასწავლო კურსის/მომზადების დაწყებამდე ან მისი დასრულების შემდეგ სამინისტროსთან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გაფორმებული შეთანხმების პირობის დარღვევა; ქ) სამინისტროს შიდა საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემის არასამსახურებრივი მიზნით დამუშავება (მათ შორის, მოპოვება, გამოყენება, გავრცელება); ღ) სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დაყენება ან/და სატრანსპორტო საშუალების მართვისას მათი არადანიშნულებით/არასამსახურებრივი მიზნით გამოყენება; ყ) იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მინების შუქგამტარობა შეზღუდულია მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით, ან/და სპეციალური შეფერილობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევით მართვა; შ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“ განსაზღვრული სხვა დისციპლინური გადაცდომა.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
