1.მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა (სახდელი) დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თავით დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დადგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა.
2.მოსამართლეს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ ბრალეული ქმედების ჩადენისთვის, ანუ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ობიექტურად შეეძლო დისციპლინური გადაცდომის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქმედების განხორციელება, მაგრამ არ განუხორციელებია ის.
3.დისციპლინური გადაცდომა არის მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული, მოსამართლის მიერ ჩადენილი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი ქმედება.
4.განზრახ დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე აცნობიერებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას.
5.გაუფრთხილებლობით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება ქმედება, რომლის ჩადენისას მოსამართლე არ ითვალისწინებდა მისი ქმედებით ზიანის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ის.
6.მოსამართლის მიერ კანონის არასწორი განმარტება ან/და გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს მისი შინაგანი რწმენა, არ არის დისციპლინური გადაცდომა და აღნიშნული ქმედებისათვის მოსამართლეს არ ეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.
7.დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება ისეთი ქმედება, რომელიც ფორმალურად შეიცავს ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, თუმცა მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩადენისთვის დისციპლინურ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.
8.დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება: ა) ქმედება, რომელიც არღვევს დამოუკიდებლობის პრინციპს, კერძოდ: ა.ა) მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება პირადი ინტერესის, პოლიტიკური ან სოციალური ზეგავლენით; ა.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა საქმის შედეგზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით; ბ) ქმედება, რომელიც არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ: ბ.ა) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოხატვა სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამასთანავე, დისციპლინურ გადაცდომად არ ჩაითვლება მოსამართლის მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით ამ საქმესთან დაკავშირებულ საორგანიზაციო და ტექნიკურ საკითხებზე განმარტებების გაკეთება; ბ.ბ) მოსამართლის მიერ განსახილველი საქმის შედეგის წინასწარ გამჟღავნება, გარდა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ.გ) მოსამართლის მიერ ამ კანონის 72 1 მუხლის პირველი პუნქტის ან 72 2 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა; ბ.დ) მოსამართლის მიერ საქმის აცილებაზე/თვითაცილებაზე უარის თქმა, როცა არსებობს საქმის აცილების კანონით გათვალისწინებული აშკარა საფუძველი; ბ.ე) მოსამართლის პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრება, მის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, საარჩევნო სუბიექტის ნებისმიერი ფორმით საჯაროდ მხარდაჭერა ან პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამოხატვა; ბ.ვ) მოსამართლის მიერ სასამართლოში საქმეთა განაწილებაში უკანონო ჩარევა; ბ.ზ) მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმა. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა; გ) ქმედება, რომელ იც არღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს, კერძოდ: გ.ა) მოსამართლის მიერ კორუფციული სამართალდარღვევის, ანუ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, 5 2 , მე-7, მე-8, მე-10, მე-11, მე-13, 13 4 , 13 5 ან 20 4 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენა; გ.ბ) მოსამართლის მიერ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელებისათვის ხელის შეშლა; დ) ქმედება, რომელიც არღვევს წესიერების პრინციპს, კერძოდ: დ.ა) მოსამართლის მიერ პირადი და ინტენსიური (მეგობრული, ოჯახური) ურთიერთობის დამყარება უშუალოდ მის მიერ განსახილველ საქმეში პროცესის მონაწილესთან, რაც იწვევს მოსამართლის მიკერძოებას ან/და პროცესის მონაწილისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუ მას ჰქონდა ინფორმაცია მხარის შესახებ; დ.ბ) მოსამართლის მიერ სექსუალური შევიწროების განხორციელება; დ.გ) მოსამართლის მიერ სასამართლოს თათბირის საიდუმლოების გამჟღავნება; ე) ქმედება, რომელიც არღვევს თანასწორობის პრინციპს, კერძოდ: ე.ა) სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას მოსამართლის სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედება ნებისმიერი პირის მიმართ ამა თუ იმ საფუძვლით; ე.ბ) სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ სასამართლო პროცესის სხვა მონაწილის მიმართ სიტყვიერად ან სხვაგვარი ფორმით გამოხატული დისკრიმინაციული ქმედების მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ) ქმედება, რომელიც არღვევს კომპეტენციისა და გულისხმიერების პრინციპს, კერძოდ: ვ.ა) მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევა. ამ ვადის არსებითად დარღვევის მიზეზი არასაპატიოდ არ ჩაითვლება, თუ მოსამართლემ აღნიშნული ვადა უშუალოდ მართლმსაჯულების განხორციელებასთან დაკავშირებულ ობიექტურ გარემოებათა (საქმეთა სიმრავლე, საქმის სირთულე და სხვა) გამო ვერ დაიცვა; ვ.ბ) მოსამართლის მიერ სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატვა; ვ.გ) სხვა მოსამართლის, სასამართლოს აპარატის თანამშრომლის ან სასამართლო პროცესის მონაწილის მიერ კანონის დარღვევისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ფაქტის მოსამართლის მიერ რეაგირების გარეშე დატოვება, თუ მოსამართლე ამ ფაქტის თვითმხილველია; ვ.დ) მოსამართლის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციული უფლებამოსილების, კერძოდ, სასამართლოს, სასამართლო კოლეგიის ან პალატის ხელმძღვანელის მოვალეობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ვ.ე) მოსამართლის მიერ სამოსამართლო საქმიანობასთან დაკავშირებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება; ზ) მოსამართლის სხვა ქმედება, რომელიც არ შეეფერება მოსამართლის მაღალ სტატუსს (მოსამართლის მაღალი სტატუსისათვის შეუფერებელი ქმედება (ქცევა), ჩადენილი სასამართლოში ან მის გარეთ, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს და ამით ლახავს სასამართლოს ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას). საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2228 – ვებგვერდი, 15.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის ორგანული კანონი №4218 – ვებგვერდი, 12.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.





