1.ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრირდება მონაცემები სუბიექტების ეკონომიკურ საქმიანობათა, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ადგილის (მისამართის) შესახებ.
2.ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სავალდებულოა ეკონომიკური საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, სუბიექტს შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების უფლება ენიჭება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
4.თუ სავალდებულო რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით აწვდის ინფორმაციას წარდგენილი მოთხოვნისა და დოკუმენტების შესახებ. ამ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ინფორმაციის ერთმანეთისათვის მიწოდების წესი და პროცედურა განისაზღვრება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის, მასში ცვლილების ან მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადის გაშვება დადებით გადაწყვეტილებად მიიჩნევა და მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.ეკონომიკური საქმიანობა რეგისტრირებულად, რეგისტრირებული მონაცემები შეცვლილად და რეგისტრაცია შეწყვეტილად ითვლება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტიდან.
7.ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის ვადაა 1 წელი რეგისტრაციის მომენტიდან. ამ ვადის გასვლა იწვევს რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობას, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს მოთხოვნას რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ.




