1.მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული განცხადება ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან ან მისი ნაწილიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე ფაქტორის საკუთრების უფლების წარმოშობა, შეწყვეტა და მასში ცვლილების შეტანის შესახებ მონაცემები. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე ინსტრუქციით განსაზღვრული დამატებითი ინფორმაცია.
2.ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი და ამ დოკუმენტით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანების მთლიანი ოდენობა. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე დებიტორული დავალიანებისა და აღნიშნული მთლიანი ოდენობიდან ერთი ფაქტორინგის ფარგლებში გამოყენებული ის ოდენობა, რომელზედაც საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ფაქტორს საკუთრების უფლება წარმოეშობა. ფაქტორინგი ძალაში შედის მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ თანხმობის ელექტრონული ფორმით განცხადების მომენტიდან. მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ თანხმობის განცხადების ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით.
3.ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრირდება აგრეთვე „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების მესაკუთრე ფაქტორის დასახელება, მოთხოვნის დამთმობი მხარის დასახელება, ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების დაფარვის თარიღი. ფაქტორი ვალდებულია „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოვალის მიერ ფაქტორის მიმართ დებიტორული დავალიანების სრულად დაფარვისთანავე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა მოითხოვოს ფაქტორინგის რეესტრში შესაბამისი საგადასახადო ანგარიშფაქტურიდან ან ინვოისიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტა.
4.სააგენტო ერთსა და იმავე დებიტორულ დავალიანებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების რამდენიმე ფაქტორის მიერ ერთდროულად რეგისტრაციის გამოსარიცხად ფაქტორინგის რეგისტრაციამდე ამოწმებს, ხომ არ მეორდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციები.
