1.რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე. რეგისტრაციისთვის გადაიხდება „ საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასური.
2.სააგენტო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
3.სხვა სახელმწიფოში შესრულებული დოკუმენტი ლეგალიზებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
4.თუ სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ სარეგისტრაციო წარმოება უნდა დასრულდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ამასთან, მარეგისტრირებელ ორგანოს უფლება აქვს სარეგისტრაციო წარმოება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში და შესვენების ან არასამუშაო დროს.
5.საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა.
6.თუ მოთხოვნილია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული სუბიექტის რეგისტრაცია, რაც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებისას ხარვეზის დადგენის შესახებ, რის შემდეგაც ჯერ მიიღება საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგ – გადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სუბიექტის შესახებ.
7.შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში პარტნიორთა წილები გამოხატული უნდა იყოს პროცენტებში და მათი ჯამი უნდა შეადგენდეს 100 პროცენტს.
8.თუ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე არსებული მონაცემები, მათ შორის პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ხოლო საწარმოს ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ ყოფილა წარმოდგენილი ამ მონაცემებში რაიმე ცვლილების ამსახველი დოკუმენტი ან ინფორმაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ რეგისტრირებული მონაცემები ითვლება საბოლოოდ და მათ მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირისთვის წინასწარ იყო ცნობილი ამ მონაცემების უზუსტობის შესახებ.
9.იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების შემთხვევაში, რომლებზეც მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) ირიდიული პირების რეესტრში არ არის დაცული მონაცემები საწარმოში პარტნიორებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ, სარეგისტრაციო და ამონაწერის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მისაღებად, უფლებამოსილი პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მონაცემები საწარმოში პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
10.დაყოფის შედეგად შექმნილი სუბიექტები წარმოშობილად ითვლება მათი პირველადი რეგისტრაციისა და დაყოფილი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან.
11.რეორგანიზაციის შედეგად გამოყოფილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება ახალი სუბიექტის რეგისტრაციისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომლიდანაც მოხდა მისი გამოყოფა.
12.სუბიექტების გაერთიანებით შექმნილი სუბიექტი წარმოშობილად ითვლება გასაერთიანებელი სუბიექტების რეგისტრაციის გაუქმებისა და ახალი სუბიექტის რეგისტრაციის მომენტიდან.
13.სუბიექტი მიერთებულად ითვლება მისაერთებელი სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმებისა და იმ სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციის მომენტიდან, რომელთანაც ხდება მიერთება.
14.ამ მუხლის მე-10–მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ერთი სარეგისტრაციო წარმოებით, ერთობლივად.
15.სააგენტო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული სარეგისტრაციო დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.





