Статья 24. ქვეითის მოძრაობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ქვეითმა გადაადგილებისათვის არ უნდა ისარგებლოს გზის სავალი ნაწილით. გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას მან უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
2. თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები: ა) ქვეითს, რომელსაც გადააქვს დიდი მოცულობის ნივთი, შეუძლია გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან, თუ მისი ქვეითთა ბილიკზე, ტროტუარზე ან გზისპირზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს; ბ) ქვეითთა ჯგუფებს, რომლებიც ორგანიზებულად გადაადგილდებიან ან მსვლელობით მიდიან, შეუძლიათ იარონ გზის სავალ ნაწილზე; ამასთანავე, გზის სავალ ნაწილზე მათი მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის მიმართულებით, მარჯვენა მხარეს, რიგში არაუმეტეს ოთხი კაცისა. ქვეითთა ჯგუფს წინ და უკან, მარცხენა მხარეს უნდა მიჰყვებოდნენ გამცილებლები წითელი ალმებით, ხოლო დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ჩართული ფარნებით (წინ – თეთრით, უკან – წითლით).
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე. მას უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან.
4. ქვეითთა ბილიკის, ტროტუარისა და გზისპირის არარსებობის ან მათი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს გზის სავალ ნაწილზე. ველობილიკის არსებობისას ქვეითს უფლება აქვს, გადაადგილდეს მასზე, თუ მოძრაობის ინტენსივობა ამის საშუალებას იძლევა, თუმცა მან არ უნდა გაართულოს ველოსიპედებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, რომელთათვისაც ველობილიკზე მოძრაობა ნებადართულია.
5. დაუსახლებელ პუნქტში, იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც არ აქვს გამყოფი ზოლი და ტროტუარი, ქვეითმა უნდა დაიკავოს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს მდებარე გვერდულა, ხოლო მისი არარსებობის ან გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში − გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარე და გადაადგილდეს მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგოდ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოცემულ სიტუაციაში გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მოძრაობის მიმართულებით გადაადგილება უფრო უსაფრთხოა), მაგრამ ველოსიპედის, მოპედის ან მოტოციკლის ხელით გადამყვანმა, აგრეთვე სავარძელ-ეტლით მოძრავმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა გადაადგილების მიზნით უნდა დაიკავონ გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარე. მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, ცუდი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად ერთ მწკრივად უნდა იმოძრაონ.
6. ამ მუხლის მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეითი გზის სავალ ნაწილზე გადაადგილებისას უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
