1.ამ კოდექსის 115 2 , 116-ე და 118 4 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას/კიდულძრავიან ველოსიპედს და რომლის მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, უნდა ჩამოშორდეს სატრანსპორტო საშუალების/კიდულძრავიანი ველოსიპედის მართვას. აღნიშნულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება, სიმთვრალე დგინდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1 1 . თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება არ აქვს ან მართვის უფლება შეჩერებული/ჩამორთმეული აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, პოლიციელი უფლებამოსილია სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ სადგომზე გადაიყვანოს. 1 2 . პოლიციელი ვალდებულია ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალებები გადაიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები რიგდებიან და ეთანხმებიან საჯარიმო ქვითარს, ან როდესაც დაზარალებულს სამართალდამრღვევთან მორიგების ან საჯარიმო ქვითარზე თანხმობის მიცემის გარეშე არ სურს სატრანსპორტო საშუალების შესაბამის სადგომზე გადაყვანა), რისი ხარჯებიც დაეკისრება სამართალდამრღვევს. 1 3 . ამ მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში: ა) დაზარალებულს (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს/მფლობელს) უფლება აქვს, გამოიყვანოს სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალება, თუ იგი ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს წარუდგენს სათანადო განცხადებას და საექსპერტო შეფასებას; ბ) სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც სამართალდამრღვევი მართავდა, დარჩება სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 1 4 . დაზარალებულის (სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/ მფლობელის) მიერ სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანაზე უარის თქმის ან საექსპერტო შეფასების განხორციელებამდე შესაბამის სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გამოთხოვის შემთხვევაში აღნიშნული პირი კარგავს ამ კოდექსის მე-40 მუხლის მე-2–მე-6 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული დადგენილების მიღებისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ან სხვა დაცულ სადგომზე გადაყვანის და განთავსების ხარჯები დაეკისრებათ მხარეებს.
2.იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა ან საჭის სამართავი მექანიზმი, ანდა დარღვეული აქვს ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა, ან რომელიც გადაკეთებულია შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც საშიშროებას უქმნის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, აკრძალულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ. 2 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს).
3.პოლიციელის მოთხოვნა სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ გამოიხატება ხელის ჟესტით ან კვერთხის სიგნალის მიცემით, სასტვენთან ერთად, აგრეთვე ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით; სიგნალი უნდა იყოს მძღოლისათვის გასაგები და მიეცეს ისეთ დროს, როცა მისი შესრულება არ შექმნის საავარიო ვითარებას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3448 – სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.275 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1013 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.



