Статья 15
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საშვებს გასცემს დაინტერესებული საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე ერთ წლამდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაცემულ იქნეს ერთჯერადი საშვი (მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ საშვი უკან უნდა დაბრუნდეს).
2. სანაოსნოს, საბაჟო გამშვები პუნქტის, ნავსადგურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს უფროსებსა და მათ მოადგილეებს უფლება აქვთ ავიდნენ ნავსადგურში მდგომ საზღვარგარეთის გემზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს საშვის გარეშე თავიანთი სამსახურებრივი დოკუმენტებით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო) დირექტორსა და უფლებამოსილ თანამშრომლებს უფლება აქვთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ფორმის სამსახურებრივი დოკუმენტების საფუძველზე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდნენ ნავსადგურში და ავიდნენ ნავსადგურში მდგომ გემზე, განურჩევლად სახელმწიფოს დროშისა, დამატებითი საშვის გარეშე. უფლებამოსილი თანამშრომლების თანამდებობრივი ნუსხა და დოკუმენტის ნიმუში წინასწარ თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან.
