ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Статья 122. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და წესი
1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები. 1 1 . ეს მუხლი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, არ ვრცელდება თბილისზე.
2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
3. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე.
4. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ხოლო მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
