1.საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში. დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული უცხოელი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაყვანილი უნდა იქნეს დროებითი განთავსების ცენტრში.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე საქართველოში მყოფი უცხოელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ან/და მოთავსდეს დროებითი განთავსების ცენტრში: ა) თუ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება; ბ) თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე; გ) თუ მან არ შეასრულა მოსამართლის მიერ განსაზღვრული, დაკავების ალტერნატიული ზომით გათვალისწინებული ვალდებულებები; დ) თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; ე) თუ იგი საფრთხეს უქმნის საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; ვ) მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების უზრუნველსაყოფად; ზ) მისი სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად; თ) თუ იგი ამ კანონის 51 1 მუხლის შესაბამისად არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან; ი) თუ მას არ აქვს დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან ან ტრანზიტის ქვეყნიდან მიღება გვიანდება, ან იგი უარს აცხადებს ან/და არ თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოსთან დასაბრუნებლად აუცილებელი დოკუმენტების ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქვეყნიდან მისაღებად საჭირო პროცედურების განხორციელებისთვის; კ) სასჯელად ან ადმინისტრაციული სახდელის სახით დანიშნული უცხოელის საქართველოდან გაძევების აღსასრულებლად; ლ) ამ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, თუ მან საქართველოში ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
3.უცხოელი დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარედგინება სასამართლოს მისი დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ, უცხოელი დაუყოვნებლივ თავისუფლდება.
4.თუ არსებობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძველი, დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს როგორც მისი საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
5.დაკავებული უცხოელი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს 3 თვით. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით. უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში ყოფნის საერთო ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ უცხოელი ტოვებს დროებითი განთავსების ცენტრს.
6.თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი უცხოელი, ოჯახი დროებითი განთავსების ცენტრში შეიძლება მოთავსდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმალურად მცირე ვადით, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
7.უცხოელს დაკავებისთანავე მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, გასაგები ფორმით განემარტება: ა) დაკავების საფუძველი; ბ) ადვოკატის აყვანის უფლება; გ) დაკავების შესახებ მისთვის სასურველი პირისთვის/ახლობლისთვის შეტყობინების უფლება; დ) დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის მიმართვის უფლება; ე) სამედიცინო შემოწმების მოთხოვნის უფლება; ვ) დაკავების გასაჩივრების უფლება.
8.დაკავებულ უცხოელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს მისთვის სასურველ პირს/ახლობელს, საჭიროების შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს რესურსის გამოყენებით. უცხოელის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამისი სახელმწიფოს საკონსულოს.
9.თუ დაკავებული უცხოელი არასრულწლოვანია ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირია, მისი დაკავების შესახებ შეტყობინების ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოს. არასრულწლოვანი უცხოელის დაკავების შესახებ ეცნობება მის კანონიერ წარმომადგენელს.
10.დაკავებული უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებისას მისი სამგზავრო დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ამ დროებითი განთავსების ცენტრში ინახება.
11.უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრიდან გათავისუფლება არ წარმოშობს მისი საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძველს.
12.უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №46 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ.



