1.სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებს დროებითი მოთავსების იზოლატორი (შემდგომ – იზოლატორი), რომლის მთავარი ამოცანაა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან პატიმრობაშეფარდებული პირის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად დაკავებული ან იმავე კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი პირის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოდან გაძევების მიზნით დაკავებული უცხოელის განთავსების აღსრულების უზრუნველყოფა და იზოლატორში განთავსებული პირის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა.
2.მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) იზოლატორის სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები, ფუნქციები და შინაგანაწესი, იზოლატორის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები; ბ) იზოლატორში პირის მოთავსების წესი, მათ შორის, იზოლატორში მიღებისას პირის დაქტილოსკოპიური მონაცემების აღების, ფოტოსურათის გადაღებისა და მათი დამუშავების წესი; გ) იზოლატორში მოსათავსებელი პირის პირადი დათვალიერებისა და მისი ნივთების შემოწმების წესი; დ) იზოლატორში მოთავსებული პირის პირველადი სამედიცინო შემოწმების წესი; ე) იზოლატორში მოთავსებული პირის უფლებები და მოვალეობები; ვ) იზოლატორში მოთავსებული პირის გარე სამყაროსთან კომუნიკაციის წესი; ზ) იზოლატორში სხვა პირთა შესვლის წესი; თ) იზოლატორში უსაფრთხოების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები; ი) იმ ნივთების (საგნების), დოკუმენტებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა ამანათის სახით მიღების უფლებაც აქვს იზოლატორში მოთავსებულ პირს ან რომელთა იზოლატორში მოთავსებულ პირთან შეტანაც იკრძალება; კ) იზოლატორში პირის მოთავსების აღსრულების წესი და პირობები.
3.იზოლატორში მოთავსებულ პირთა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად ამ პირთა მიმართ ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2296 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
