უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ
Статья 51. უცხოელის საქართველოდან გაძევება
1. უცხოელი შეიძლება გაძევებულ იქნეს საქართველოდან, თუ: ა) იგი კანონიერი საფუძვლის გარეშე შემოვიდა საქართველოში; ბ) აღარ არსებობს საქართველოში მისი შემდგომი ყოფნის კანონიერი საფუძველი; გ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ იგი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და მართლწესრიგს; დ) მისი საქართველოდან გაძევება აუცილებელია საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფი სხვა პირების ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით; ე) იგი სისტემატურად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას; ვ) მან საქართველოში შემოსვლის ან ყოფნის კანონიერი საფუძველი ყალბი ან იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტის წარდგენით მოიპოვა; ზ) იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელს იხდის საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში − სასჯელის მოხდისთანავე ან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლებისთანავე; თ) მას შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი – სასჯელის მოხდამდე, ან თუ მას სასამართლოს მიერ დანიშნული აქვს პირობითი მსჯავრი – გამოსაცდელი ვადის გასვლამდე.
