Статья 174. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება
1. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება ხდება მხოლოდ ამ კოდექსის საფუძველზე.
2. საბაჟო კონტროლისაგან გათავისუფლება არ ნიშნავს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
3. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წევრები, სხვა სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის დიპლომატიური და დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მათი თანმხლები ოჯახის წევრები, პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საბაჟო კონტროლს არ ექვემდებარება საქართველოში სხვა სახელმწიფოს დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) და მათი პირადი ნივთები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას აკრძალულია სხვა სახელმწიფოს დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას გახსნა ან დაკავება. თუ არსებობს სერიოზული ვარაუდის საფუძველი, რომ საკონსულო ვალიზაში მოთავსებულია საგნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის მე-7 ნაწილით, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს საკონსულო ვალიზას გახსნა სახელმწიფოს წარმომადგენელი უფლებამოსილი პირის მიერ საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირთა თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას გახსნაზე უარის შემთხვევაში იგი ბრუნდება გამოგზავნის ადგილზე.
6. ყველა გზავნილს, რომელიც შეადგენს დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზას, უნდა ჰქონდეს თვალსაჩინო გარეგნული ნიშანი, რომელიც მიუთითებს გზავნილის ხასიათზე.
7. დიპლომატიური ფოსტა შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ დიპლომატიურ საბუთებსა და ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს, ხოლო საკონსულო ვალიზა – მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციას, საბუთებს ან ოფიციალური სარგებლობისათვის გათვალისწინებულ საქონელს.
8. სხვა ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო კურიერებს უფლება აქვთ საქართველოში შემოიტანონ და საქართველოდან გაიტანონ პირადი სარგებლობისათვის გათვალისწინებული საქონელი ნაცვალგების პრინციპით, ორ ქვეყანას შორის არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, საბაჟო კონტროლის გარეშე, საბაჟო გადასახადისა და მოსაკრებლებისაგან გათავისუფლებით.
9. სხვა სახელმწიფოს წარმომადგენლებზე, საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაციის, აგრეთვე ნაცვალგების პრინციპით უცხო ქვეყნის დელეგაციის იმ წევრებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებში, საერთაშორისო კონფერენციებსა და თათბირებში მონაწილეობის მისაღებად ან სხვა ოფიციალური დავალებით, აგრეთვე მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო შეღავათები.
10. საბაჟო შეღავათები საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათთან არსებული სხვა სახელმწიფოთა წარმომადგენლობებისათვის, აგრეთვე ამ ორგანიზაციებისა და წარმომადგენლობების პერსონალისათვის, მათი თანმხლები ოჯახის წევრებისათვის განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საბაჟო კოდექსი
