1.პოლიცია ვალდებულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2.ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინების მიღების შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს შემთხვევის ადგილზე, მიუხედავად იმისა, პოლიციის ორგანოებს მიმართა დაზარალებულმა, ძალადობის მოწმემ თუ ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულმა პირმა.
3.ძალადობის ფაქტის არსებობის შემთხვევაში პოლიცია ვალდებულია: ა) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტის აღსაკვეთად მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) განცალკევებულად გამოჰკითხოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მონაწილე პირები, მოწმეები (მათ შორის, არასრულწლოვანი), რაც წერილობით უნდა დაფიქსირდეს; გ) მსხვერპლს მიაწოდოს ინფორმაცია მისი უფლებების შესახებ; დ) მსხვერპლის მოთხოვნით ან გადაუდებელ შემთხვევაში უზრუნველყოს მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში; ე) მსხვერპლის მოთხოვნით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევაში მსხვერპლის თანხმობით უზრუნველყოს მსხვერპლისა და მასზე დამოკიდებული პირის თავშესაფარში გადაყვანა; ვ) მსხვერპლის სხვა ადგილზე გადაყვანის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი საცხოვრებელი ადგილიდან პირველადი საჭიროების ნივთებისა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წამოღება; ვ 1 ) საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის საფუძველზე მოძალადე გაარიდოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილიდან და უზრუნველყოს მსხვერპლის უსაფრთხოება; ზ) უზრუნველყოს იმ პირის უსაფრთხოება, რომელმაც განაცხადა ძალადობის ფაქტის შესახებ; თ) ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით გასცეს შემაკავებელი ორდერი; ი) სოციალური მუშაკის მიერ არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში გამოსცეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი. 3 1 . იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერით, რომელიც 1 თვის ვადით გამოიცემა, განისაზღვრება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმას ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
4.პოლიცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტისა და მიღებული ზომების შესახებ ადგენს ოქმს, რომელსაც წარუდგენს ზედამხედველ პროკურორს.
5.პოლიცია ვალდებულია თავის ანგარიშში ცალკე გამოყოს მონაცემები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების, მიღებული ზომების, მსხვერპლის რაოდენობის, მოძალადის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, აგრეთვე მოძალადის თაობაზე სხვა მონაცემების შესახებ.
6.პოლიცია ზედამხედველობს გამოცემული დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულებას.
7.დამცავი, შემაკავებელი და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების შესრულების ზედამხედველობის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2009 წლის 28 დეკემბრის კანონი №2507-სსმI,№3,13.01.2010წ.,მუხ.4 საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2697 - ვებგვერდი, 31.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5446 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №761 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5024 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6758 – ვებგვერდი, 20.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2477 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.






