1.დეპარტამენტის უფლებამოსილმა საჯარო მოსამსახურემ დარღვევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე შეძლებისდაგვარად უნდა გამოარკვიოს: ა) შემტყობინებლის ვინაობა; ბ) დარღვევის ნიშნები; გ) დარღვევის ჩამდენი პირ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია, მისი (მათი) გარეგნული ნიშნები; დ) დარღვევის თვითმხილველები, აგრეთვე ის გარემოებები, რომლებიც მათთვის არის ცნობილი; ე) სხვა საჭირო ინფორმაცია.
2.დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით გაქცევის დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით განახორციელოს დევნა მის დასაკავებლად; მისი გამოდევნებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი ასევე ვალდებულია: ა) შეატყობინოს უშუალო უფროსს სამართალდამრღვევი პირის გაქცევის, მისი გამოდევნების, მისი ადგილმდებარეობისა და მოძრაობის მიმართულების შესახებ; ბ) ჩართოს ხმოვანი სიგნალები, საჭიროების შემთხვევაში გააფრთხილოს მოძრაობის სხვა მონაწილეები, იყვნენ ყურადღებით და დაიცვან მოძრაობის უსაფრთხოების წესები; გ) ასევე საჭიროების მიზნით დახმარებისთვის მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
3.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი დარღვევის ფაქტის გამოვლენისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულია: ა) მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები დარღვევის აღსაკვეთად; ბ) დარღვევის ჩამდენი პირის გაქცევისას მოაწყოს დევნა მის დასაკავებლად; გ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შესახებ შეატყობინოს უშუალო უფროსს და აცნობოს მის მიერ მიღებული ცნობების, გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ; დ) დაადგინოს დარღვევის თვითმხილველები; ე) ჩაატაროს მოქმედებები მტკიცებულებების დაცვის ან/და ჩამორთმევის (ან ამოღების) მიზნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში გააკეთოს ჩანაწერი, მათ შორის, ფოტოები და ვიდეოჩანაწერი იმ გარემოებათა შესახებ, რომლებიც შეიძლება დროის განმავლობაში შეიცვალოს ან გაქრეს; ზ) დამრღვევი პირის სატრანსპორტო საშუალებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემთხვევაში არკვევს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სავარაუდო მიმართულებას, მის მარკას, ტიპს, სანომრე ნიშანს, ტვირთის სახეობას, სხვა განსაკუთრებულ ნიშნებს. დარღვევის ადგილიდან მიმალული სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის შესახებ თვითმხილველებისგან მიღებულ მონაცემებს დახმარების მიზნით დაუყოვნებლივ გადასცემს დეპარტამენტის სხვა უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს, ასევე დახმარების მიზნით მიმართავს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
4.საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსით დადგენილ ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს განახორციელოს პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხდება ამ წესის დანართი №6-ით და დანართი №7-ით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების შედგენა.
5.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე პატრულირების დამთავრების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევების შესახებ აცნობებს უშუალო ან ზემდგომ უფროსს.
6.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე იყენებს კავშირის სპეციალურ საშუალებებს, სამსახურის შესრულების მართვისა და მათ შორის ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად. კავშირის არხებით ინფორმაციის გადაცემა და ფუნქციონირება ხორციელდება სამსახურის უფროსის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით და განისაზღვრება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით. იკრძალება კავშირის გამოყენება იმ მიზნით, რომელიც არ არის დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან.




