1.ნარჩენების წარმომქმნელი, რომელიც წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტ სახიფათო ნარჩენს წარმოქმნის, ვალდებულია: ა) შექმნას და დანერგოს სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემა; ბ) ამ კოდექსის მე-15 მუხლის შესაბამისად განსაზღვროს გარემოსდაცვითი მმართველი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის შესაბამისი ზომების მიღებისთვის; გ) უზრუნველყოს სახიფათო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალის ინფორმირება და შესაბამისი სწავლების ჩატარება. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები ეკისრება ასევე წლის განმავლობაში 2 ტონაზე ნაკლები სახიფათო ნარჩენის წარმომქმნელს, რომელიც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ საქმიანობას.
2.ნარჩენების ზუსტი შემადგენლობის დადგენამდე ეს ნარჩენები სახიფათოდ ითვლება.
3.თუ საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს სახიფათო ნარჩენების დამუშავების ტექნიკური ან/და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, სახიფათო ნარჩენების დამუშავებისათვის უნდა განხორციელდეს მათი ექსპორტი. ექსპორტის განხორციელებამდე სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო დასაწყობება დროებითი შენახვის ობიექტზე.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაგრძელება, ხოლო საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ვადის 1 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივება, თუ დასტურდება, რომ ამით ზიანი არ მიადგება გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.
5.სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებას ახორციელებს ამ კოდექსის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
6.სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება ამ კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნისა და მე-6 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე აქტის/აქტების შესაბამისად. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1692 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1552 – ვებგვერდი, 30.04.2026წ
