1.საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.
2.საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე: ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს; ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას; გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას; დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს; ვ) მოქმედებს კომისიის სახელით; ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
