Статья 9. იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის, მუდმივი დაწესებულების) ვალდებულებები
იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება), რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობასთან ან/და შრომით მოწყობაში დახმარებასთან, ვალდებულია: ა) დარეგისტრირდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქმიანობის პირობები; ა 1 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საქმიანობის სერტიფიცირება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში; ბ) უცხოელ დამსაქმებელთან დადოს შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება, მიიღოს ზომები უცხოელი დამსაქმებლის შესახებ არსებული ინფორმაციის შესამოწმებლად; გ) იმ პირთან, რომელსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურებას (მომსახურებებს) უწევს, დადოს შრომით მოწყობაში დახმარების შესახებ ხელშეკრულება; დ) უზრუნველყოს უცხოელი დამსაქმებლის მიერ შრომით ემიგრანტთან შრომითი ხელშეკრულების დადება; ე) შრომით ემიგრანტთან დადოს შრომითი ხელშეკრულება უცხოელი დამსაქმებლის დავალებით, თუ ამას ითვალისწინებს ამ დამსაქმებელსა და იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს ან უცხო ქვეყნის საწარმოს ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალს (წარმომადგენლობას, მუდმივ დაწესებულებას) შორის დადებული შრომითი მოწყობის შესახებ ხელშეკრულება; ვ) საქართველოს ფარგლების გარეთ შრომითი მოწყობის მიზნით საქართველოდან გამსვლელ შრომით ემიგრანტს გამგზავრებამდე მიაწოდოს ინფორმაცია: ვ.ა) საქართველოსა და შრომითი მოწყობის სახელმწიფოში შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი აქტების მოთხოვნების, აგრეთვე ამ სახელმწიფოებში შესვლისა და ყოფნის და აღნიშნული სახელმწიფოებიდან გასვლის წესების შესახებ; ვ.ბ) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოების (ტერიტორიული ორგანოების ჩათვლით) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ; ვ.გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების (მათი არსებობის შემთხვევაში) ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ; ზ) აღრიცხოს ის პირები, რომლებსაც საქართველოს ფარგლების გარეთ შრომით მოწყობაში დახმარების მომსახურება (მომსახურებები) გაუწია; თ) 5 წლის განმავლობაში შეინახოს ამ კანონის საფუძველზე წარმოებული დოკუმენტაცია (მათ შორის, დადებული ხელშეკრულებები) და, მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ან/და მის სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოსთვის მისი ხელმისაწვდომობა; ი) განსაზღვრული პერიოდულობით, დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში; კ) შეასრულოს სხვა ვალდებულებები ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3089 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ.
