საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 281^3. საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
1. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საჩივარს განიხილავს საჩივრის დასაშვებად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 48 საათში.
2. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივრის განხილვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პირს, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, მის ადვოკატს (კანონიერ წარმომადგენელს), აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენ ორგანოს (თანამდებობის პირს). სასამართლოს უფლება აქვს, გამოიძახოს და დაკითხოს პირი, რომლის ჩვენებასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საჩივრის გადაწყვეტისათვის, წინადადება მისცეს მხარეებს, წარმოადგინონ საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმებისათვის საჭირო დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებანი. სხდომის თავმჯდომარე ხსნის სასამართლო სხდომას, აცხადებს, რა საჩივარი განიხილება, და ასახელებს მხარეებს. თუ სასამართლო სხდომაში მონაწილეობენ მხარეები, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, განმარტებანი მისცენ სასამართლოს და ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებანი.
3. საჩივრის განხილვისას სასამართლო ამოწმებს, ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გამოტანისას დაიცვა თუ არა რაიონულმა (საქალაქო) სასამართლომ ამ კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნები.
