1.ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს (სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შესაბამის ცენტრს) მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება.
2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
5.ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის იმ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (გამოწერილი საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, რომელიც ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე არის დაფიქსირებული, გამოიყენება ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესი.
6.ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში − სათანადო ვებგვერდზე გამოქვეყნებით). საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4335 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.



