საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 290^1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას
1. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება; გ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ლიზინგის მიმღებად აღრიცხულ პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება.
