Статья 46^1. პარტნიორის მიერ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება
1. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ წილის გაყიდვისას დანარჩენ პარტნიორებს თავიანთი წილების პროპორციულად აქვთ ამ წილის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ ამ საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
2. პარტნიორი (ვალდებული პირი), რომელსაც თავისი წილის გაყიდვა სურს, ვალდებულია ამის შესახებ შეტყობინება ყველა დანარჩენ პარტნიორს გაუგზავნოს. შეტყობინებაში მიეთითება დასადებ გარიგებაში აღნიშნული გასაყიდი წილის მოცულობა, ნასყიდობის ფასი და ანგარიშსწორების ვადა. შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება წილის უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა, რომელიც 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ეს ვადა აითვლება პარტნიორისთვის შეტყობინების ჩაბარების მომენტიდან.
3. შეტყობინება იგზავნება დაზღვეული წერილით ან ტექნიკური საშუალებით (ტელეფონით ან/და ელექტრონული ფოსტით).
4. ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად ითვლება.
5. ვალდებული პირი თავად წყვეტს, რომელი საშუალებით გააგზავნოს შეტყობინება.
6. თუ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის რომელიმე პარტნიორის მისამართი ან/და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია უცნობია, ვალდებული პირი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შეტყობინებას „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშიც“ აქვეყნებს. შეტყობინება პარტნიორისთვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნების მომენტიდან.
7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ მუხლის მე-3–მე-6 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული წესები, აგრეთვე გაუქმდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წილის უპირატესი შესყიდვის უფლება. პარტნიორთა კრება ამ საკითხებზე (მათ შორის, საზოგადოების წესდებაში შესაბამისი ცვლილების შეტანაზე) გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, თუ წესდებით უფრო მაღალი კვორუმი არ არის განსაზღვრული.
8. ამ კანონის მიზნებისათვის წილის უპირატესი შესყიდვის უფლებად მიიჩნევა პარტნიორის ვალდებულება, თავისი წილი დანარჩენ პარტნიორებს იმავე ფასად და პირობებით შესთავაზოს, რომლებითაც ის ამ წილის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეწარმეთა შესახებ
