ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ
Статья 15^1. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება
1. თუ პირი ან შეთანხმების საფუძველზე მოქმედ პირთა ჯგუფი (ამ მუხლის მიზნებისთვის – მყიდველი) შეიძენს ფასიან ქაღალდებს, რის შედეგადაც აკონტროლებს ხმის უფლების მქონე საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს, იგი ვალდებულია ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 45 დღისა განახორციელოს ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სატენდერო შეთავაზება ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვის თაობაზე ან იმავე ვადაში ჩამოიყვანოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული ხმები ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევრის ქვევით. ეს მოთხოვნა არ მოქმედებს, თუ: ა) ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი მყიდველის ხელში აღმოჩნდა ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული სატენდერო შეთავაზებით, რომლითაც იგი ფასიანი ქაღალდების სხვა მფლობელებს ყველა დარჩენილი ფასიანი ქაღალდის გამოსყიდვას სთავაზობდა; ბ) მყიდველი აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ფლობს სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების გაცემის მიზნით. ამ შემთხვევაში სავალდებულო სატენდერო შეთავაზების განხორციელების ვალდებულება ეკისრება მყიდველს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს ანგარიშვალდებული საწარმოს ხმათა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტს.
