1.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის მიმართვის საფუძველზე საპროცესო წარმომადგენლად ასახელებს თავისი თანამშრომლის კანდიდატურას. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე საპროცესო წარმომადგენლად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ კანდიდატს ან სხვა სანდო პირს, თუ: ა) პროცესში კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა არასრულწლოვნის სამართალდამცავ ორგანოში მიყვანიდან 1 საათის განმავლობაში შეუძლებელია; ბ) არასრულწლოვანი არ ცხოვრობს კანონიერ წარმომადგენელთან ან/და უარს აცხადებს მასთან დაკავშირებაზე ან პროცესში მის მონაწილეობაზე; გ) კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს; დ) არასრულწლოვანი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლია ან თვითმხილველია; ე) კანონიერი წარმომადგენელი იმავე დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული; ვ) კანონიერი წარმომადგენელი ხელმიუწვდომელია.
2.დაუშვებელია ოჯახურ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენლად იმ პირის ჩართვა, რომელიც სავარაუდო მოძალადეა ან რომლის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვი ამ პირსა და მოძალადე ოჯახის წევრს შორის არსებული ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე ან ინტერესთა კონფლიქტის სხვა შემთხვევაში, აგრეთვე მისთვის/მათთვის არასრულწლოვნის მიერ მიცემული ჩვენების (გამოკითხვის ოქმის, ახსნა-განმარტების) გაცნობა და გადაცემა.
3.სხვა სანდო პირი საპროცესო წარმომადგენლად ინიშნება არასრულწლოვნის მოსაზრების გათვალისწინებით.
4.საპროცესო წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) პროცესის მწარმოებელი ორგანოს თანამდებობის პირთან გამოთქვას მოსაზრება არასრულწლოვნის საჭიროებების შესახებ; ბ) ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვნის ახლო ნათესავთან, ადვოკატთან და მეგობართან; გ) არასრულწლოვანს აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიური ან სოციალური მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მისი საპროცესო სტატუსის, მის მიერ ჩვენების მიცემის მნიშვნელობის, ხანგრძლივობისა და ფორმის, აგრეთვე დაკითხვის ჩატარების წესის შესახებ; ე) არასრულწლოვანს აცნობოს სასამართლო მოსმენის დრო და ადგილი, აგრეთვე სხვა შესაბამისი მოქმედებების ჩატარების და დაცვის ხელმისაწვდომი ღონისძიებების შესახებ; ვ) არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიმართ გამოტანილი საპროცესო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ზ) არასრულწლოვნის დასახმარებლად განახორციელოს სხვა მოქმედებები.




