1.რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად მართვისა და გამოყენების მიზნით კომისია უზრუნველყოფს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციას „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანისა და ამავე რადიოსიხშირულ დიაპაზონებში გაცემული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მოდიფიცირების გზით.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ჰარმონიზებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიები გაიცემა ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად, 15 წლის ვადით, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით.
3.ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რადიოსიხშირულ დიაპაზონებში ევროკომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად დანაწილებული გეგმის თანახმად გაცემული ლიცენზია ექვემდებარება მოდიფიცირებას შემდეგი პირობებით: ა) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დანიშნულება მოდიფიცირებული უნდა იქნეს ისე, რომ ლიცენზიის მფლობელმა შეძლოს ამოწურვადი რესურსის „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის“ შესაბამისად, ევროკომისიის გადაწყვეტილებებით ან/და დირექტივებით განსაზღვრული ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პირობების დაცვით ელექტრონული საკომუნიკაციო ავტორიზებული საქმიანობისათვის ტექნოლოგიური და მომსახურების ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად გამოყენება; ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადად უნდა განისაზღვროს კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 წელი, მიუხედავად ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადისა; გ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური ექვემდებარება გადაანგარიშებას კომისიის დადგენილებით განსაზღვრული წესით, შემდეგი პრინციპების შესაბამისად: გ.ა) კომისია განსაზღვრავს მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურს; გ.ბ) ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი/გადასახდელი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა, რომელიც კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული ოდენობის პირდაპირპროპორციულია.
4.ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირება მოითხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსის მხოლოდ ნაწილზე, ხოლო დარჩენილი ნაწილი დათმოს. შესაძლებელი უნდა იყოს დათმობილი ნაწილის დამოუკიდებლად გამოყენება ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის შესაბამისად. ლიცენზიის ნაწილობრივ დათმობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ საფასურს აკლდება კომისიის მიერ ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ლიცენზიის გაცემის/მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე პერიოდისთვის გადაანგარიშებული და ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური.
5.ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სრულად თქვას უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ლიცენზიის მოდიფიცირებაზე და შეწყვიტოს ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობა. ამ შემთხვევაში ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმებულად ითვლება. ლიცენზიის ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით გაუქმების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს მის მიერ გადახდილი, ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასური არ უბრუნდება.
6.ამ მუხლის საფუძველზე გაცემულ/მოდიფიცირებულ ლიცენზიაზე არ ვრცელდება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტების მოქმედება.
7.ამ მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადახდის წესსა და გრაფიკს განსაზღვრავს კომისია. გადახდის გრაფიკი არ უნდა ითვალისწინებდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 50 პროცენტზე მეტის 1 წლის განმავლობაში გადახდის ვალდებულებას.
8.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზია მოდიფიცირებული უნდა იქნეს ევროკომისიის გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებებისა და მიწისზედა სისტემებისათვის ჰარმონიზებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ამავე გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ტექნიკური ნორმებისა და პირობების შესაბამისად ეროვნულ დონეზე ჰარმონიზაციის მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ სათანადო ცვლილებების შეტანიდან 3 თვის განმავლობაში.
