1.„რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირისათვის ამ კანონის 47 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე კომისიის გადაწყვეტილებით მინიჭებული რადიოსიხშირე შეცვალოს სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ავტორიზებულ პირს არ აქვს უფლება, მოითხოვოს კომპენსაცია.
2.კომისია უფლებამოსილია ლიცენზიის საფუძველზე გაცემული რადიოსიხშირული რესურსი ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე შეცვალოს „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით“ განსაზღვრული იმავე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ფარგლებში არსებული იმავე ოდენობის სხვა რადიოსიხშირული რესურსით, თუ ლიცენზიის მფლობელი დანერგილი ტექნოლოგიის ცვლილების გარეშე შეძლებს საქმიანობისა და მომსახურების მიწოდების გაგრძელებას. რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის გამო ლიცენზიის მფლობელის ხარჯის წარმოშობის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, მიმართოს კომისიას ხარჯის დაფარვის დასაბუთებული მოთხოვნით. ხარჯის ოდენობას, გადახდის ფორმასა და პირობებს განსაზღვრავს კომისია რადიოსიხშირული რესურსის შეცვლის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დაეყრდნოს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის დასკვნას.
3.ამ კანონის 47 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რადიოსიხშირული დიაპაზონების ჰარმონიზებული ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების შესაბამისად დაგეგმვისა და დანაწილების მიზნით „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ისეთი ცვლილების შეტანისას, რომელიც შეუძლებელს ხდის არსებული და ახალდაგეგმილი ან დანაწილებული რადიოსიხშირეების ტექნიკური ნორმებისა და პარამეტრების ერთად შენარჩუნებას, აგრეთვე ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების თანაარსებობას, კომისია უფლებამოსილია ამგვარი რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს: ა) არ გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა. ამის შესახებ ლიცენზიის მფლობელს უნდა ეცნობოს ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე სულ ცოტა 3 წლით ადრე; ბ) თუ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 3 წელზე ნაკლები, გაუგრძელოს ლიცენზიის მოქმედების ვადა 10 წელზე ნაკლები ვადით. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია: ბ.ა) შეატყობინოს ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების ვადის 10 წელზე ნაკლები ვადით გაგრძელების განზრახვის თაობაზე. ლიცენზიის მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ლიცენზიის მფლობელის მიერ შეტყობინების მიღებიდან 3 წელზე ნაკლები; ბ.ბ) ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობა გაიანგარიშოს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის (წელი, თვე) მიხედვით; გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად ტენდერს აცხადებს კომისია. მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; [ გ) მოსთხოვოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსის მთლიანად ან ნაწილობრივ დათმობა ამ ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, შესაბამისი კომპენსაციის სანაცვლოდ. კომპენსაციის ოდენობა, გადახდის პირობები და ფორმა განისაზღვრება კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო კომპენსაცია გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას კომისია ეყრდნობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საწარმოებისთვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხიდან მის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნას. საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მომსახურების შესასყიდად საჯარო შესყიდვის პროცედურას ახორციელებს კომისია. ამ მომსახურების შესყიდვის ხარჯი ანაზღაურდება კომისიის ბიუჯეტიდან ან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] დ) მასთან შეთანხმებით, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის სანაცვლოდ შესთავაზოს სხვა რადიოსიხშირული რესურსი. ამ რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს კომისიის მიერ შერჩეული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნის საფუძველზე განსაზღვრულ კომპენსაციის ოდენობას. შეთავაზებული რადიოსიხშირული რესურსის საბაზრო ღირებულების გაანგარიშებისას: დ.ა) კომისია ითვალისწინებს შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ აუქციონზე (აუქციონებზე) 1 მეგაჰერცისათვის დაფიქსირებულ საფასურს/საფასურთა საშუალო არითმეტიკულს; დ.ბ) თუ შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტულ მონაკვეთში (რადიოსიხშირულ დიაპაზონში) ბოლო 1 წლის განმავლობაში აუქციონი არ ჩატარებულა, შეთავაზებული რადიოსიხშირული ზოლის 1 მეგაჰერცის საფასური გამოიანგარიშება ამ კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; დ.გ) თუ ამ პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული აუქციონი არ არის ჩატარებული და კომპენსაციის სანაცვლოდ შეთავაზებულია ამ კანონის 47 2 მუხლით გათვალისწინებული რადიოსიხშირული რესურსი, კომისია ითვალისწინებს 47 2 მუხლის საფუძველზე მოდიფიცირებული ლიცენზიით გათვალისწინებული შესაბამისი ამოწურვადი რესურსის 1 მეგაჰერცისათვის გამოანგარიშებულ საფასურს.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია უნდა მოიცავდეს ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი წლებისა და დათმობილი ამოწურვადი რესურსის ოდენობის პირდაპირპროპორციულად გაანგარიშებულ, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად გადახდილ თანხას და ქსელის მოშლის ან მოდიფიცირების ხარჯს.
5.კომისია ამ მუხლის საფუძველზე იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
