საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Статья 309^29. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატება
1. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნას სასამართლო იხილავს კაპიტალის არანაკლებ 5%-ის მფლობელი აქციონერის (აქციონერების) განცხადების საფუძველზე.
2. თუ განმცხადებელ აქციონერთა რაოდენობა ორზე მეტია, ისინი ვალდებული არიან სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის წარმოების მიზნით დანიშნონ წარმომადგენელი.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) სასამართლოს დასახელებას; ბ) განმცხადებლის (განმცხადებლების), აგრეთვე წარმომადგენლის დასახელებას, პირად ნომერს, მისამართს, ფაქტობრივ ადგილსამყოფელს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს ან/და სხვა მონაცემებს; გ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობების არსებობის დასაბუთებას; დ) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში შეტანილ საკითხთა ჩამონათვალს და დღის წესრიგში მათი შეტანის საჭიროების დასაბუთებას; ე) განმცხადებლის (განმცხადებლების) მოთხოვნას; ვ) განცხადებისთვის დართულ მტკიცებულებებზე მითითებას; ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ განცხადებას უნდა დაერთოს მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას. თუ დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები, სასამართლო განჩინებით უარს ეტყვის განმცხადებელს (განმცხადებლებს) განცხადების განსახილველად მიღებაზე. ეს განჩინება ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საჩივრდება კერძო საჩივრით. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო სამეწარმეო საზოგადოებას აცნობებს აქციონერის (აქციონერების) მოთხოვნის შესახებ და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას საპასუხო პოზიციის წარსადგენად. დადგენილი ვადის გასვლიდან 5 დღეში სასამართლო საკითხს განიხილავს არსებითად, ზეპირი მოსმენის გარეშე და გამოიტანს შესაბამის განჩინებას. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს სასამართლო სხდომა პარტნიორისა და სამეწარმეო საზოგადოების მონაწილეობით. სასამართლო სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.
6. აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების მოთხოვნის შესახებ სასამართლოს გამოაქვს განჩინება. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო განმცხადებელ აქციონერს (აქციონერებს) ანიჭებს გამოქვეყნებით აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგში საკითხის დამატების უფლებამოსილებას.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული განჩინება საჩივრდება კერძო საჩივრით. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №888 – ვებგვერდი, 04.08.2021წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
