Статья 105. მოხელეთა რეზერვი
1. თუ მოხელის მობილობა ვერ განხორციელდა, იგი სურვილის შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
2. მოხელეთა რეზერვში ირიცხება ასევე მოხელე, რომელიც პროფესიული განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მიზნით თავისუფლდება თანამდებობიდან. 2 1 . მოხელეთა რეზერვში ირიცხებიან აგრეთვე: ა) დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით წარგზავნილი პირის მეუღლე, რომელიც როტაციის წესით სამუშაო მივლინებით მეუღლის წარგზავნის გამო პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლდა პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) დიპლომატიური წარმომადგენლობიდან და საკონსულო დაწესებულებიდან როტაციის წესით სამუშაო მივლინებიდან გამოწვეული პირები, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სათანადო ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო ვერ დაინიშნენ შესაბამის თანამდებობებზე. 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოხელეთა რეზერვში ჩარიცხული პირის რეზერვში ყოფნის ვადა აითვლება მისი მეუღლის როტაციის წესით სამუშაო მივლინების დასრულების დღიდან.
3. მოხელე მოხელეთა რეზერვში 2 წლის ვადით ირიცხება.
4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით გამოცხადებულ დახურულ კონკურსში.
