სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Статья 20^10. ელექტრონული კატალოგი
1. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საშუალებით ან/და ჩარჩოშეთანხმების გამოყენებით განხორციელებისას შეიძლება მოთხოვნილ იქნეს წინადადების სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენა. ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენილ წინადადებას მის შესავსებად შეიძლება სხვა დოკუმენტები დაერთოს.
2. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობისთვის პრეტენდენტი ელექტრონულ კატალოგს ადგენს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმისა და სპეციფიკაციების შესაბამისად. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ის შესყიდვის ობიექტი/ობიექტები, რომელთან/რომლებთან დაკავშირებითაც წინადადება/წინადადებები ელექტრონული კატალოგის ფორმით უნდა იქნეს წარდგენილი, ხოლო ცენტრალიზებულ შესყიდვასთან დაკავშირებული, ამ პუნქტში მითითებული საკითხების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
3. წინადადების ელექტრონული კატალოგის ფორმით წარდგენისთვის: ა) ამის შესახებ ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში; ბ) ელექტრონულ კატალოგთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, ფორმა და სპეციფიკაციები, რომლებსაც ელექტრონული კატალოგი უნდა შეესაბამებოდეს) ეთითება სატენდერო დოკუმენტაციაში.
4. თუ ჩარჩოშეთანხმება ელექტრონული კატალოგების გამოყენებით რამდენიმე ეკონომიკურ ოპერატორთან დაიდო, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ჩარჩოშეთანხმების მონაწილეებს შორის კონკურენტული პროცესის განახლებული ელექტრონული კატალოგების საფუძველზე გამართვა. ამ შემთხვევაში გამოიყენება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდი: ა) პრეტენდენტები მოწვეული იქნებიან ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული, განახლებული ელექტრონული კატალოგების წარსადგენად; ბ) პრეტენდენტებს ეცნობებათ, რომ წარდგენილი ელექტრონული კატალოგებიდან შეგროვდება ხელშეკრულების მოთხოვნებთან ადაპტირებული წინადადებების შესადგენად საჭირო ინფორმაცია. ასეთი შესაძლებლობის გამოყენება დასაშვებია, თუ ეს გათვალისწინებულია ჩარჩოშეთანხმების შესყიდვის პირობებით.
