1.პროკურორს ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელს, რომელიც პირს წარუდგენს ბრალდებას და დაჰკითხავს, როგორც ბრალდებულს, შეუძლია ამ კოდექსის 140-ე მუხლის შესაბამისად მიმართოს მოსამართლეს შუამდგომლობით დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის თაობაზე. თუ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს მტკიცებულებებს, დაემუქრება პროცესის მონაწილეებს ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, პროკურორი უფლებამოსილია დააკავოს ბრალდებული და დაკავებიდან 24 საათის განმავლობაში მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ბრალდებული, გამომძიებლის ან პროკურორის წერილობითი დავალებით, დაკავებულის ყოფნის ადგილის ადმინისტრაციას მიჰყავს მოსამართლესთან, რომელსაც წარედგინება აგრეთვე სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლი.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუ დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ, გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს აგრეთვე უფლება აქვთ, მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.
3.შუამდგომლობის შინაარსი, მისი განხილვისა და დაპატიმრების შესახებ ბრძანების გაცემის წესი განსაზღვრულია 140-ე მუხლით.
4.დაპატიმრების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება (დადგენილება) როგორც წესი შეიძლება გამოტანილ იქნეს მხოლოდ განსასჯელის დაკითხვისა და იმ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას ან იმყოფება მიმალვაში), რომლებიც გავლენას ახდენენ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტაზე, აგრეთვე მხარეთა აზრის მოსმენის შემდეგ.
5.თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირი მიმალვაშია, გამომძიებელს მის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს, პროკურორის თანხმობით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6.აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები ან სხდომის დახურვა აუცილებელია წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305 საქართველოს 2005 წლის 9 ნოემბრის კანონი №2020 - სსმ I, №48, 29.11.2005წ., მუხ.317 საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15




