საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 206. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება
1. აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, შეცვლა და გაუქმება ხდება ამ კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განსჯადობით. აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა შესაძლებელია ასევე წინასასამართლო სხდომაზე და საქმის არსებითი განხილვისას, ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობით პროკურორი სასამართლოს მიმართავს დაკავებიდან არა უგვიანეს 48 საათისა.
3. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს მისი წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების საკითხები განიხილება ღია სასამართლო სხდომაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სასამართლო სხდომის დახურვის ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, მხარეთა მონაწილეობით. მოსამართლე ხსნის სასამართლო სხდომას და აცხადებს, რა შუამდგომლობა განიხილება, ასახელებს პროცესის მონაწილეებს და არკვევს, არის თუ არა აცილებები. შუამდგომლობის ავტორი ასაბუთებს მას. შემდეგ სიტყვა ეძლევა მეორე მხარეს, რის შემდეგაც მხარეები უფლებამოსილი არიან ერთმანეთს დაუსვან შეკითხვები. მხარეთა გამოუცხადებლობა არ იწვევს შუამდგომლობის განხილვის გადადებას.
